სადაზღვევო მოწმობის სახეები
სადაზღვევო მოწმობის სახეები

  სადაზღვევო მოწმობის სახეები

თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე, სახელობითი ან საორდერო მოწმობის სახით, მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი დამზღვევის მიმართ აქვს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი აცნობებს მზღვეველს დაზღვევასთან დაკავშირებული უფლებების მისთვის გადაცემის თაობაზე და ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ არ განაცხადებს თავისი მოთხოვნების შესახებ.

 

სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები

1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ სადაზღვევო მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, მაგრამ მოწმობა დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა განსაკუთრებული წარმოების წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.

2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დამზღვევს შეუძლია მზღვეველს მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს დამზღვევი.

 

დაზღვევის აგენტის უფლებები

1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.

2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.

 

დაზღვევის დაწყების დრო

1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.

2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, მაშინ დამზღვევს შეუძლია ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება. სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ უფლებას არ წარმოშობს.

 

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.

2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.

 

არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები

1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.

2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

სერვისები