არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრების ან რეგისტრაციის გაუქმებისას.

  ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

  ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.

  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს სარეგისტრაციო განაცხადით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

   აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

   თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებიც ემსახურებიან იმავე ან მსგავს მიზნებს, როგორსაც ლიკვიდირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

  ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები). განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა ლიკვიდატორის დანიშვნის მოთხოვნით. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები.

  სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.

 ლიკვიდაციის დასრულების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამორიცხოს რეესტრიდან.

 არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)

  არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.

  წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებას.

  არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

  კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებიდან. ამასთანავე, პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) სახელით.“.

სერვისები