მეგობარს ფულს რომ ასესხებ, გამორთმევა უხერხულიაო...1478 2024.02.11
მეგობარს ფულს რომ ასესხებ, გამორთმევა უხერხულიაო...

სახელშეკრულებო სამართალი

აკაკისა და ელიზბარის ამბავი:

- სამსახურიდან ახლადწამოსულ აკაკის ბოლო პერიოდში ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. ახალი სამსახურის მოძიებაც არ აღმოჩნდა მარტივი. ამასობაში, დაუგროვდა გადასახადები - ბავშვების სკოლის, მათი წრეების, კომუნალურების...

 

გადაწყვიტა თავისი მეგობრისთვის, ელიზბარისთვის დაერეკა და დახმარება ეთხოვა. ელიზბარმა მართლაც ასესხა 2 000 ლარი აკაკის ერთი წლის ვადით. შეთანხმდნენ, რომ ეს თანხა ნაწილ-ნაწილ უნდა დაებრუნებინა აკაკის.

 

6 თვის განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა აკაკი თავის ვალდებულებას, მაგრამ შემდგომში ვეღარ შეძლო თანხის გადახდა იმ მიზეზით, რომ გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა.

 

ელიზბარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მას აინტერესებს, რასთან აქვს საქმე?

 

 

სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგება

გსმენიათ რაიმე სესხის ხელშეკრულების შესახებ?

ამ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და შემდგომი მუხლები. დასახელებული ნორმის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:

ა) ფული (გამოხატული კონკრეტულ ოდენობაში);

ბ) გვაროვნული (ჩანაცვლებადი, შეცვლადი) ნივთი;

 

ვინ არიან სესხის ხელშეკრულების მხარეები?

სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან: მსესხებელი და გამსესხებელი, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

 

სესხის ხელშეკრულების ფორმა

სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, თუმცა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

შეიძლება ვალის დაუყოვნებლიც მოთხოვნა?

გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

 

სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა იჩენს ხოლმე თავს.

ამიტომ ხელშეკრულების დადებამდე, უმჯობესია ხელშეკრულების დეტალები დააზუსტოთ და გააზრებით მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, რათა შემდგომი გაუგებრობა აიცილოთ თავიდან.

 

თუკი კითხვები დაგრჩება, ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს.

კითხვების შემთხვევაში, მოგვმართე.