სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

შენიშვნა:

1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების წევრები და თანამშრომლები, საარჩევნო სუბიექტები (მხოლოდ ამ კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიზნებისათვის), კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას.

2. ამ თავის მიზნებისათვის, მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს), ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს რაიმე საჯარო ფუნქციას სხვა სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ თანამშრომელს, აგრეთვე ნებისმიერ მივლინებულ ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ თანამდებობის პირის ან თანამშრომლის ფუნქციების შესაბამის ფუნქციებს, უცხო ქვეყნის ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, საერთაშორისო საპარლამენტო კრების წევრს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს, საერთაშორისო სასამართლოს ან სასამართლო ორგანოს მოსამართლეს და თანამდებობის პირს.

3. ამ კოდექსის 338-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები ასევე არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟების წევრები, ხოლო ამ კოდექსის 338-ე–339​1მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები − ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები), რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას.

სერვისები