მავნე ნივთიერების ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა
მავნე ნივთიერების ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ -  ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ეს ევალება

 

გემის, სხვა მცურავი საშუალების, საჰაერო ხომალდის, პლატფორმის ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციის სათანადო პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ უახლოესი პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის შეუტყობინებლობა იმისა, რომ საქართველოს შიდა ზღვის ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში ანდა ღია ზღვაში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის გამო მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებისა ან ისეთი შენარევისა, რომელიც ასეთ ნივთიერებას დადგენილი ნორმის გადამეტებით შეიცავს, ანდა სხვა ნარჩენისა ან მასალისა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს დასვენების ზონა ან ხელი შეუშალოს ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, –

 ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

1. მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

სერვისები