ნარკოტიკული დანაშაული
ნარკოტიკული დანაშაული

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710 - ვებგვერდი, 15.03.2016წ. (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის  ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება №3/1/855 ­– ვებგვერდი, 21.02.2017წ.

2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-3 ნაწილის  ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების,  შეძენისა და შენახვისთვის) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №1/8/696 ­– ვებგვერდი, 20.07.2017წ.

4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: 1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ თავის მიზნებისათვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.

5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. 6. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე.

სერვისები