დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ
დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ

უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება

1. არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ანდა დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა მას, ასევე არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ძეგლებისა და სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა

ძეგლების, არქეოლოგიური ობიექტების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სერვისები