უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)

 უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)

 

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ჯგუფურად;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.

3. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

სერვისები