საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა
საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა

1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვაგვარი ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა

1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონოდ გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სერვისები