ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

გ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ე) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, − 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. კოდექსის ამ და 143​2 მუხლების მიზნებისათვის ექსპლუატაციად მიიჩნევა დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით:

ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება;

ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება;

გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა;

დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება;

ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის:

ე.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით;

ე.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით;

ე.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით;

ე.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით.

2. კოდექსის ამ და 143​2 მუხლების მიზნებისათვის პირის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მის თანხმობას მნიშვნელობა არ აქვს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

სერვისები