სასჯელთა შეჯამება
სასჯელთა შეჯამება

სასჯელთა შეჯამება

1. დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება:

ა) შინაპატიმრობის ორი დღე;

ბ) გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე;

გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

2. ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შინაპატიმრობისთვის ან თავისუფლების აღკვეთისთვის მიმატების შემთხვევაში დამოუკიდებლად გამოიყენება.

 

სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა

 

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, შინაპატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით.

3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

 

4. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდილი დრო ამ კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულების მიზნით პირის გადაცემის შემთხვევაში ერთი დღე ჩაითვლება ერთ დღედ.  

5. თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

სერვისები