ვინ არის მშვილებელი?
ვინ არის მშვილებელი?

 მშვილებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში.

 

შვილად აყვანა მეუღლეების მიერ

1. მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად იშვილონ. არ შეიძლება ერთი ბავშვი ორმა პირმა იშვილოს, გარდა მეუღლეებისა.

2. ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია იშვილოს თავისი ქორწინებისგარეშე დაბადებული ბავშვი ან მეუღლის შვილი.

 

მეუღლის თანხმობა ბავშვის შვილად აყვანისას

თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეუღლეებს საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილი უცნობია.

 

შვილება ერთ-ერთი მეუღლის მიერ თუ მეუღლეები ერთად იშვილებენ ბავშვს, ან ერთ-ერთი იშვილებს მეორე მეუღლის შვილს, ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მშვილებლის ასაკი

1. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.

2. მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

3. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვები არ მოქმედებს.

 

მშობლის თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის მიცემის წესი განისაზღვრება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.

სერვისები