მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება

1. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად.

2. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლის (მშობლების) უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამ, სანამ:

ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს;

ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე;

გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.

3. მშობლის უფლება - მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის ( მშობლების ) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობითგამოხატული ბავშვის მიტოვებისას , როდესაც ბავშვი განთავსებულია 24- საათიან სახელმწიფო ზრუნვაში . ამ შემთხვევაში მშობლის უფლება -მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით .

4. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც მშობლის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი მოქმედებს, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ან ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით შეჩერებულად ითვლება. მშობლის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.  

სერვისები