არასრულწლოვნის უფლება დაცვა
არასრულწლოვნის უფლება დაცვა

 1. არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ცენტრალურ ორგანოს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებული არიან, მათ შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მიმართონ ცენტრალურ ორგანოს.

2​1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტის მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 

ბავშვის ინტერესების დაცვა

მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

სერვისები