მარტოხელა მშობელი
მარტოხელა მშობელი

1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.

2. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

3. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

4. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება, რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

მრავალშვილიანი მშობელი

1. მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.

2. იმ მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სერვისები