დელიქტური ვალდებულებანი, ზიანის ანაზღაურება
დელიქტური ვალდებულებანი, ზიანის ანაზღაურება

 მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.
2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

დროებითი სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება
დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის. თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის ან მსგავსი საშუალებების გამოყენებით, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.  

 

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება

პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
1. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

 

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა: ა ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს; ბ ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.
4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის
1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა.

 

ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა 999-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ იგი ეხება პირისათვის მიყენებულ ზიანს, არ შეიძლება წინასწარ გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. იგივე წესი გამოიყენება ნივთისათვის მიყენებული ზიანის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება ან პასუხისმგებლობის შეზღუდვა შეთანხმებული იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საჯარო-სამართლებრივ ფონდს ან საწარმოს შორის. ამის საწინააღმდეგო შეთანხმებები და დებულებები ბათილია.

 

ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.

 

შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით.

2. თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით.

 

სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის

1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას

1. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

2. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

სერვისები