ერთობლივი საქმიანობა, მონაწილეთა პასუხისმგებლობა
ერთობლივი საქმიანობა, მონაწილეთა პასუხისმგებლობა

 საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება

1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.

2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება.

3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.

4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად.

შემოსავლების განაწილების წესი

1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად.

2. თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.

მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნების გადაცემის დაუშვებლობა მესამე პირისათვის ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს.

მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა

1. ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები ვალდებულნი არიან არ გაახმაურონ ამ საქმიანობის შედეგად მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

სერვისები