სიცოცხლის დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა

ცნება

1. სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.

2. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

ხელშეკრულების დადებაზე უარის დაუშვებლობა

თუ დამზღვევი ხელშეკრულების დადებისას დაარღვევს თავის მოვალეობას ცნობების შეტყობინების თაობაზე, მზღვეველს არ შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ხელშეკრულებაზე უარი დასაშვებია, თუ შეტყობინების მოვალეობა განზრახ არ შესრულდა.

 

ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანების პერიოდულად

გადახდისას თუ სადაზღვევო შესატანები პერიოდულად არის გადახდილი, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო ურთიერთობა მოშალოს ნებისმიერ დროს, ოღონდ მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის დასრულებისათვის.

ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის

1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება გადასცეს მესამე პირს, ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა მითითება არ გაუცია.

არასათანადო მესამე პირი

1. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირის უფლებას არ შეესაბამება მზღვევლის მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.

2. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირი არ იყენებს თავის უფლებას სარგებლის მიღებაზე, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.

 

მზღვევლის განთავისუფლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან

1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის შემთხვევისათვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი პირის სიკვდილი.

2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, ეს უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო.

ანაზღაურებისაგან განთავისუფლება თვითმკვლელობისას

1. სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს.

2. დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო შესატანების დაბრუნება.

 

დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა

1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.

2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება, როგორც ერთჯერადი შესატანი.

დაქვითვები ხელშეკრულების შეწყვეტისას

თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც.

 

იძულებითი აღსრულების შედეგები

1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის თაობაზე, ან სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც კონკრეტულად დასახელებულია, როგორც სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის ადგილი დაზღვევის ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი მონაწილეობს ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა მოთხოვნა ან უზრუნველყოს გაკოტრების მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც შეიძლებოდა მიეღო დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის ხელშეკრულების მოშლისას.

2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული სარგებლის მიღებით, ან არ არის სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას იძენენ დამზღვევის მეუღლე და შვილები.

სერვისები