შუამავლობა
შუამავლობა

  ცნება

პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.

 

მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება

1. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ შედის საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისაგან დამოუკიდებლად, დაიდება თუ არა ხელშეკრულება.
2. მაკლერს 744-ე მუხლის მიხედვით არ შეუძლია დათქვას ავანსი ან მიიღოს იგი.
3. მაკლერს ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმებული იყო. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა ხელშეკრულება ვერ დაიდო. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია ანაზღაურება იმ ხარჯებისა, რომლებიც არ არის საჭირო საშუამავლო ხელშეკრულების განხორციელებისათვის.

ექსკლუზიური დავალება

1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მაკლერს შეუძლია – თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით – მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი თანხა ზიანის არსებობის დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.

2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა იგი ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.

3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება ბათილია.

4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა

1. საშუამავლო ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს რაიმე ვადის დაუცველად, თუკი ხელშეკრულების ვადა არ იყო განსაზღვრული.

2. ექსკლუზიური დავალება შეიძლება მოიშალოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლით. ექვსი თვის გასვლის შემდეგ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს.

3. ხელშეკრულების მოშლის უფლება შეიძლება დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მაშინაც, როცა გასულია ექვს თვეზე მეტი დრო, მაგრამ ამას მოითხოვს შუამავლობით დასადები ხელშეკრულების სახისა და საგნის თავისებურებანი.

 

მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა

1. დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული გარემოებების გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის ინტერესების განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა: ა) მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს მესამე პირი; ბ) მესამე პირი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც მაკლერი სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს; გ) მაკლერი მესამე პირთან სამსახურებრივ ან შრომით ურთიერთობაშია; დ) მაკლერი მესამე პირის მეუღლეა.

2. მაკლერს აქვს გასამრჯელოს მიღების ან ხარჯების ანაზღაურების უფლება, როცა იგი შემკვეთს მესამე პირთან ხელშეკრულების დადებამდე შეატყობინებს ამ გარემოებათა შესახებ.

3. მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

სერვისები