გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

 დაკავების უფლების დაუშვებლობა

მიწის ნაკვეთის დამქირავებელს არა აქვს მისი დაკავების უფლება თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

 დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის

 

თუ დამქირავებელმა ნივთი სარგებლობისათვის მესამე პირს გადასცა, გამქირავებელს შეუძლია ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მესამე პირს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.

2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყო.

გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე

ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. გირავნობის უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან ერთად, თუკი ეს განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად.

 მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა

 

მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა გაფორმდეს წერილობით. ფორმის დაუცველობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ქირავნობის პირველი წლის დამთავრების შემდეგ.

ათ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის წესი

თუ ქირავნობის ხელშეკრულება ათ წელზე მეტი ვადით დაიდო, ათი წლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

 დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე

თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაში.

უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის გასხვისებისას

თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა

1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.

2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას

1. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.

2. სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი. თუ სასამართლო ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის ურთიერთობის მონაწილე.

დამქირავებლის უფლებების დაცვა

დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.

 

სერვისები