error1638 2018.02.08
„ადვოკატთა ასოციაციის“ საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შექმნილი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების პრინციპები. 

 შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა მიმართეს. 

 ეკა ბესელიას განცხადებით, „ადვოკატთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში რაც შეიძლება ბევრმა ადვოკატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„მზად ვართ, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი სამუშაო ჯგუფი დისკუსიისთვის, განხილვისთვის და რაც შეიძლება, მეტმა ადვოკატმა მიიღოს მონაწილეობა იმ კანონის ცვლილებების მომზადებასა და შეცვლაში, რომელიც, პირველ ყოვლისა, სწორედ ადვოკატებს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების მონაწილეობა. მინდა, გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მიიტანოთ ეს სიახლეები და შეთავაზება ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრთან და თუკი რომელიმე წევრს პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის, ასეთი ფართო ჩართულობით უზრუნველყოს ამ პროცესის მოდერაცია და წარმართვა,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თანამშრომლობის უფრო ინტენსიურ ფორმატზე გადასვლა შესთავაზა.

 „იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საკანონმდებლო პროცესში, თავის თავზე იღებს ძალიან დიდ ტვირთს. პარლამენტში განხილული კანონპროექტების დაახლოებით 80%-ზე ჩვენი კომიტეტი არის წამყვანი. ამიტომ, გვექნება თხოვნა ასოციაციასთან, გამოყოს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც მუდმივად იქნებიან ჩართული იმ საკითხების განხილვაში, რომელზეც კომიტეტი სხდომებზე მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს შესაძლებლობა მოვისმინოთ ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები, გავითვალისწინოთ თქვენი კომენტარები და იდეები. გთავაზობთ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატს“, - განაცხადა ბესელიამ.

სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 „დღეს წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულია ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით. ცვლილებები მომზადებულია ფართო ჩართულობით ამ ჯგუფის ფარგლებში და მასზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ემსახურება საადვოკატო პროფესიის გაძლიერებას, ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ სრული კონსენსუსი გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ჯგუფთან გავაგრძელოთ მუშაობა და მზად ვართ ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისთვის,“- განაცხადა ასათიანმა.


შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითად პრინციპებს. 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი - ადვოკატის სამართლებრივი დაცვის მუხლია (38 მუხლი). 

„ვფიქრობ, რომ ძალიან პრინციპულია, რომ გაეროს ცნობილი ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ქმნის, ჩვენ ამ ფორმულირებით კანონში გადაგვაქვს. ჩვენი ინიციტივით, წინა პარლამენტში, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ, რითაც ადვოკატის დაცვის გარანტიები, სისხლის სამართლის პროცესში საქმიანობის დროს უკანონო ჩარევის შემთხვევებში, მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებს გავუთანაბრეთ. მას შემდეგ, ეს არის მეორე ძლიერი ჩანაწერი, რაც ძალიან ამდიდრებს ამ ცვლილებებს,“- აღნიშნა ბესელიამ. 

 კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად: „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი ადვოკატის დამოუკიდებლობა“.


 კანონპროექტი ითვალისწინებს, ასევე: კლიენტის თანხმობის გარეშე ინფორმაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების მკაცრი რეგულაციის შემოღებას; ადვოკატთა ტესტირების ნაცვლად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შემოღებას; სტაჟირების ახალ წესს; ეთიკის კომისიის არჩევის ახალ წესს; ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების დროს ცალკეული საკითხების რეგულირებას და სხვა სიახლეებს. 

 

 შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იქნა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას მხარეთა შორის.
მოქმედი ნორმის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით“.

საკანონმდებლო წინადადებით, გაუქმებულია როგორც 4%-იანი ბარიერი, ასევე ხარჯების გადანაწილება მხარეთა შორის. შეხვედრის მონაწილეებმა განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს აღნიშნული საკითხების დარეგულირების კუთხით, ასევე გამოიკვეთა სხვა პრობლემური საკითხები, რომლებიც ადვოკატთა საქმიანობას შეეხება. 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა