error1530 2018.02.05
სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება

 სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება, - ამის შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტშია ნათქვამი. 

კანონპროექტის თანახმად, ვიდეოკამერების დამონტაჟების გარდა, იცვლება მანდატურის საქმიანობასთან დაკავშირებული წესები.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით: 


- სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;

- კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

- სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;

- მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;

- თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი;

- მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე;

- იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.

,,კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას,“ - აღნიშნავენ ინიციატორები.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე გადაიდგა ნაბიჯები. კერძოდ:

- გაღრმავდა მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა; გაძლიერდა პატრულირება სკოლის პერიმეტრზე;

- ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი;

- გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში. ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს და საბოლოოდ, ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი;

- ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;

- სარეკომენდაციო ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება, რაც ხელს შეუწყობს ძალადობისა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას.



როგორც შსს-ში აცხადებენ, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა