error 1113 2018.06.13
„საკუთრების უფლება მნიშვნელოვანი უფლებაა, თუმცა არა შეუზღუდავი“

 თანამედროვე მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს და იცავდეს ამ უკანასკნელს. გამონაკლისი არც ქართული კანონმდებლობაა და შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთან, იმავე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს მოქალაქეები ხშირად აკითხავენ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; რა არის საკუთრების უფლება და რა გარანტიებს ადგენს კონსტიტუცია მისი დაცვის მიზნით? რა შემთხვევებშია შესაძლებელი საკუთრების უფლების შეზღუდვა? რას გულისხმობს საკუთრების ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის? როგორია საკუთრების ჩამორთმევის წესი და რა უფლებები აქვს მოქალაქეს თავისი უფლებების დასაცავად?

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-სთვის მოქალაქეებს არაერთხელ მოუმართავთ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კითხვებით; ამიტომ, კვალიფიციურ პასუხებს იმის შესახებ , თუ რა არის საკუთრების უფლება, როგორ რეგულირდება იგი საქართველოს კანონმდებლობით, შეიძლება თუ არა ამ უფლების შეზღუდვა და ა.შ. ,  ადვოკატი, ანა გორდეზიანი გაგცემთ. 

 

 რა არის საკუთრება?

 

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება წარმოადგენს ქონების თავისუფლად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის ერთობლიობას. მესაკუთრეს ასევე უფლება აქვს არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონებით სარგებლობა. საკუთრება შეიძლება ჰქონდეს როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს.

 რაც შეეხება თავად ქონებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა სარგებლობა და განკარგვაც შესაძლებელია. ამდენად, ქონების ცნებაში მოიაზრება ე.წ. „სხეულებრივი ნივთები“ ანუ უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე „არასხეულებრივი ნივთები“ ანუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები (მოთხოვნის უფლებები).

 

დასაშვებია თუ არა კანონმდებლობით საკუთრების უფლებაში ჩარევა?

 

 საკუთრების უფლება მნიშვნელოვანი უფლებაა, თუმცა არა შეუზღუდავი. იგი, შესაძლოა, შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევებში კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.  საკუთრების უფლებაში ჩარევის ორი ფორმა არსებობს:

 

  • საკუთრების უფლების შეზღუდვა;
  • საკუთრების უფლების ჩამორთმევა;

 

 

 რა შემთხვევაშია საკუთრების უფლების შეზღუდვა მართლზომიერი?

 

  საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერება დგინდება შემდეგი კრიტერიუმებით:

 ა) აქვს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლებაში ჩარევას სათანადო სამართლებრივი საფუძველი;

 ბ) ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას;

 გ) არის თუ არა მიზნის მისაღწევად აუცილებელი, თანაბარზომიერი ანუ პროპორციული ღონისძიება.

 

 რა შემთხვევაშია საკუთრების ჩამორთმევა მართლზომიერი?

 

საკუთრების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს:

ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში;

 ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას;

 გ) მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

სხვა სიახლეები
18 ივნ

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

15 ივნ

უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტი

13 ივნ

52524 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

12 ივნ

როდის იხდის მოვალე პირგასამტეხლოს?

11 ივნ

არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია

09 ივნ

რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

09 ივნ

„პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმების საშუალება ეძლევ

09 ივნ

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

08 ივნ

სასჯელი - კანონის რეაქცია დანაშაულზე

07 ივნ

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები