სასჯელი - კანონის რეაქცია დანაშაულზე4695 2018.06.08
სასჯელი - კანონის რეაქცია დანაშაულზე

სამართლის სამყაროში ნებისმიერ კანონზომიერებას თავისი სახელი/განმარტება აქვს. მაგალითისთვის, სასჯელი- სამართლებრივად ეს არის კანონის რეაქცია დანაშაულზე. ანდაც, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იძულებითი ღონისძიება, რომელიც შეეფარდება დამნაშავეს. სასჯელი გულისხმობს დამნაშავისთვის უსიამოვნების მიყენებას, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის გარკვეული მიზნით უნდა იყოს გამართლებული.
 უცნაურია, მაგრამ სასჯელის ცნება ხშირად საზოგადოებისთვის აუცილებლად თავისუფლების აღკვეთასთან ასოცირდება. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ სასჯელის სხვა სახეებისა და მიზნების შესახებ. თუ რა უნდა ვიცოდეთ სასჯელის, მისი სახეებისა და გამოყენების შესახებ, უფრო ვრცლად, საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-ს ადვოკატები გვეტყვიან. 

 

რა მიზანს ემსახურება სასჯელი?

 

სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენაა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.  

 

სასჯელის რომელ სახეებს იცნობს ქართული კანონმდებლობა?

 

სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა; ვ ​) შინაპატიმრობა; ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;  თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა; ი) ქონების ჩამორთმევა.

 

რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რა ფარგლებში ხდება მათი დანიშვნა?

 

ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ან/და ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ინიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. ზოგადი წესის მიხედვით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ამასთანავე, ყოველდღიურად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

 

გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა.

 

სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ოცი პროცენტისა.

 

შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

 

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ზოგადი წესის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამასთანავე, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება მას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი.

 

ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. აღნიშნული სასჯელის დანიშვნა ხდება სასამართლოს მიერ განზრახი დანაშაულისთვის, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.