error 349 2018.05.14
რა უფლებებით სარგებლობს პატენტის მფლობელი საკუთარი გამოგონების მიმართ?

  მოქალაქეების ნაწილს პატენტის შესახებ მცდარი ან არაზუსტი წარმოდგენა აქვთ. ზოგს პატენტი არაორიგინალი ნივთი ჰგონია და ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის სუნამო ან რომელიმე ბრენდის სამოსი „პატენტია“. არა და რეალურად, პატენტი სრულიად სხვა რამეა. უფრო ზუსტად პატენტის შესახებ „OK&CG“-ს ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე ისაუბრებს.

 

რა არის პატენტი?

 

პატენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეს არის  პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;

 პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა.

როგორ ხდება ზემოხსენებული მონოპოლიური უფლების მინიჭება?

ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ.

პატენტის მიღების უფლება აქვს:

  • გამომგონებელს - ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;
  • დამსაქმებელს, თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი შექმნილია დასაქმებულის სამსახურეობრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას;
  • უფლებამონაცვლეს.

 

რა უფლებებით სარგებლობს პატენტის მფლობელი მისი გამოგონების მიმართ?

 პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.

 

რა კრიტერიუმებია საჭირო?  

 იმისთვის რომ გაცემულ იქნას პატენტის გამოგონება შემდეგ სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

  • სიახლე - გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის მსოფლიოში ტექნიკის არსებული დონიდან გამომდინარე. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუკი საკონვენციო პრიორიტეტი ამ პრიორიტეტის თარიღამდე მოითხოვება.
  • საგამომგონებლო დონე - გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან;
  • სამრეწველო გამოყენებადობა - გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროებში.

საპატენტო პირადი არაქონებრივი უფლებები შემოსაზღვრული არ არის ვადით და ტერიტორიით.

რაც შეეხება განსაკუთრებულ უფლებებს, გამოგონების შემთხვევაში ისინი მოქმედებს 20 წლის განმავლობაში, ხოლო სასარგებლო მოდელის შემთხვევაში - 8 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან, და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ პატენტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ პატენტი უქმდება და მისი გამოყენება ყველას შეუძლია.

 

სად უნდა წარვადგინოთ შესაბამისი განაცხადი და რას უნდა მოიცავდეს იგი?

 

ადგილობრივი პატენტის მისაღებად განაცხადი უნდა წარედგინოს საქპატენტს, რომელიც უნდა შეიცავდეს: განცხადებას პატენტის მისაღებად, აღწერილობას, ფორმულასა და ნახაზებს. აღწერილობაში იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების არსი და მისი განხორციელების გზები, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ.

პატენტის საფუძველზე წარმოიშობა საპატენტო უფლებები, რომლებიც ორი სახისაა - პირადი არაქონებრივი და ქონებრივი.

 

პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ გამომგონებელს. გამომგონებელს გააჩნია გამომგონებლად დასახელებისა და აღიარების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე, გამოგონების ან სასარგებლო მოდელისათვის სპეციალური სახელწოდების შერჩევის უფლება. ეს უფლებები განუსხვისებელია.

ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთრებული უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს გამომგონებელიც და ნებისმიერი სხვა პირიც, თუ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

პატენტმფლობელი თავად განკარგავს გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი და სხვ.

ამ მიზნით პატენტმფლობელს უფლება აქვს გასცეს მარტივი ან განსაკუთრებული ლიცენზია.

გაცემული მარტივი ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მარტივი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტმფლობელი თავადაც ინარჩუნებს უფლებას გამოიყენოს პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი.

მოცემულ ტერიტიორიაზე გამოყენების ერთ უფლებაზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ლიცენზია. განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე პატენტმფლობელს ეკრძალება როგორც ამ ლიცენზიის ფარგლებში ნებისმიერი სხვა ლიცენზიის გაცემა, ისე პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის საკუთრივ გამოყენებაც.

 

შესაძლებელია თუ არა პატენტის გაუქმება?

 

კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისიწნებს პატენტის გაუქმების საფუძვლებს. პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ:

  • პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;
  • პატენტი არ აღწერს გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
  • პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც ამ კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა;
  • პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველადი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
  • თუ პატენტმფლობელს არ ჰქონდა უფლება პატენტზე, რამდენადაც მუშაკის მიერ შექმნილი გამოგონება ან სასარგებლო მოდელი დაკავშირებულია ისეთი სამსახურეობრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას და პატენტის მიღების უფლება კი ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს.

 

როგორ უნდა მოიქცეს პატენტის მფლობელი, თუ მისთვის პატენტიდან გამომდინარე მინიჭებული განსაკუთრებული უფლება დირღვევა?

ასეთ შემთხვევაში პატენტის მფლობელი უფლებამოსილია სასამართლოსადმი მიმართვის გზით აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:

ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;

ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;

გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.

სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს 3 წლის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც პატენტის მფლობელისათვის ცნობილი გახდა უფლებების დარღვევის შესახებ.

სხვა სიახლეები
22 სექ

რისი დაყადაღების უფლება არ აქვს აღმასრულებელს?!

21 სექ

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვინმეს თავდებში ჩავუდგებით?

19 სექ

რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული აფექტში ჩადენილად?!

17 სექ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს მიმართ საქმის გამარტივებული წესით წარმოება დაიწყო?

13 სექ

„მოქალაქეები თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან“

11 სექ

რა არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

07 სექ

რატომ საადვოკატო ბიურო „OK&CG“?

03 ივლ

გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...

02 ივლ

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

29 ივნ

„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“