დროში გაწელილი კანონი და დაურეგულირებელი აზარტული თამაშების ბიზნესი2294 2018.03.28
დროში გაწელილი კანონი და დაურეგულირებელი აზარტული თამაშების ბიზნესი

 ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად საუბრობენ „აზარტული და მომგებიაბი თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების გაჭიანურებაზე.

 

რატომ არის საკითხი აქტუალური?

 

 სხვადასხვა კვლევისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი მზარდია.

 ვალი, ლომბარდშიჩადებულისახლი, მანქანა, ნივთები, თამაშშიდაკარგულიწლები, ფსიქიკური პრობლემები და ბოლოს სუიციდი - ესაზარტულთამაშებზედამოკიდებულიადამიანებისყოველდღიურობაა. ყველა სტატისტიკური კვლევა და თავად თამაშდამოკიდებულთა ისტორიები ცხადყოფს, რომ რეალობა საკმაოდ შემაშფოთებელია.


 მაგალითისთვის, აფბა-ს კვლევის თანახმად, ქვეყანაში ონლაინ კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანს უტოლდება. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1 033 000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ერთი მოთამაშე დღეში, საშუალოდ, 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.


 საინტერესოა ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული. მათგან უმრავლესობა უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს. მოსახლეობის 2% აცხადებს, რომ აზარტული თამაშების გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%).

 

 

აღნიშნულ საკითს საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გამოეხმაურა. კომპანიის იურისტებს მიაჩნიათ, რომ მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია და შესაბამისი ორგანოების მხრიდან, მოქალაქეთა უფლებების სტანდარტებთან  მისი დაახლოვება დროულად უნდა მოხდეს.

ადვოკატ ანა გორდეზიანის განმარტებით, „დღეს მოქმედი კანონმდებლობა ნაკლებად არეგულირებს მსგავს საკითხებს, რის გამოც შესაძლოა, ითქვას, რომ ონალიან კაზინოებისა და ტოტალიზატორების სეგმენტთან მიმართებით სამართლებრივ ვაკუუმთან გვაქვს საქმე.  იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონპროექტის ფარგლებში დაწესდება ქმედითი რეგულაციები, ვფიქრობ, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა უფლებების დაცვის  სტანდარტს“.

 

 

 საკითხით დაინტერესებული მხარეები (საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი) მოქმედ ხელისუფლებას ხშირად ახსენებენ ჯერ კიდევ 2012 წლის დაპირებას, რომელიც სათამაშო ბიზნესის დარეგულირებას გულისხმობს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მერმე მოწვევის პარლამენტში ხშირად გახდა საუბრის საგანი, მაინც არ მომზადდა.

 

  აღნიშნული საკითხი ყურადღების ცენტრში მოექცა ახალ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში- ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი აზარტული თამაშების შესახებ აქტიურად განიხილება.

 

 სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო - ასე ჰქვია ფინანსთა სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც პარლამენტის წევრებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლეტდა და რომელმაც, 2017 წლის შემოდგომით ზემოხსენებული საკანონმდებლო პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა, თუმცა, მისი მიღება ამ დრომდე ვერ ან არ ხერხდება.
 

ცოტა რამ კანონპროექტზე...

 როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ აზარტულ თამაშებში ადამიანები, 18-ის ნაცვლად, დაიშვებიან 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, სავალდებულო გახდეს სათამაშო ობიექტზე მისვლა, სადაც ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება. ამასთან, შეიძლება, შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში, პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.

 

რაც შეეხება დღეს მოქმედ კანონმდებლობას...

 

 საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს „საქართველოს კანონი  ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“.

  კანონის დღეს მოქმედი რედაქციით 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია.  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

 

 დღეს არსებული რეგულაციით, ლატარია, წამახალისებელი გათამაშება, სამორინე, ტოტალიზატორი, სათამაშო აპარატების სალონი შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით – ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

 

 მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა.

 

 საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს საგადასახადო კოდექსით ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან განთავისუფლებულია ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, ხოლო ჩათვლის უფლებით დღგ-სგან განთავისუფლებულია  ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.

ამასთანავე, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა.

 

 შეგახსენებთ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო.