აქვს თუ არა ლომბარდს თქვენი ავტომობილის საკუთრებაში მიღების უფლება6227 2017.11.27
აქვს თუ არა ლომბარდს თქვენი ავტომობილის საკუთრებაში მიღების უფლება

 გირავნობა ეს არის მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რითაც მოგირავნე (კრედიტორი) იძენს უფლებას, მოახდინოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია ან მხარეთა შეთანხმებით (მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში) ნივთი მიიღოს საკუთრებაში.

 საერთოდ, გირავნობის ორი სახეობა არსებობს: მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა, რომლებიც მოგირავნესა და დამგირავებელს სხვადასხვა უფლება-ვალდებულებებს სძენს. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს და მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს- მოგირავნეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება.

 ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე გაეცანით ლომბარდში ნივთების დაგირავების წესს: სალომბარდო ურთიერთობა წარმოადგენს გირავნობის სპეციალურ სახეს, კერძოდ, სპეციალური დაწესებულება-ლომბარდი აფორმებს ორ ხელშეკრულებას კლიენტთან:

1)სესხის ხელშეკრულება- ანუ, მოძრავი ნივთის სალომბარდო გირავნობის უზრუნველყოფით კლიენტი სესხულობს გარკვეულ თანხას;

2)სალომბარდო გირავნობის ხელშეკრულება - როცა, ზოგადად გირავნობის ხელშეკრულების გზით ხდება მოძრავი ნივთის (ან არამატერიალური ქონების) გამოყენება სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც აძლევს კრედიტორს უფლებას, ამ ნივთთან თავისი მოთხოვნა ყველა სხვა მოვალისაგან უპირატესად დაიკმაყოფილოს.

  ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით და გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-პატრონობის ვალდებულება თუ მისი შემოწმების უფლება ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, კრედიტორს გირავნობის საგნის რეალიზაციის ან თავის საკუთრებაში მიღების უფლება აქვს და ასეთ დროს გირავნობის უფლება წყდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში. ზეპირი შეთანხმების შემთხვევაში სალომბარდო გირავნობა არ წარმოიშობა და ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დაიბრუნოს თავისი ნივთი.

 

 რაც შეეხება რეალიზაციას, თუ მოგირავნე აპირებს გირავნობის საგნის რეალიზაციას, ამის შესახებ მან დამგირავებელს ორი კვირით ადრე, წერილობით უნდა აცნობოს. თუმცა, შესაძლოა, რეალიზაცია წერილობითი გაფრთხილების გარეშეც განხორციელდეს, თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის საფრთხე ან თუ გირავნობის საგანი მალფუჭებადია. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.