შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა3166 2017.11.24
შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა
ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი ხელშეკრულებების გვერდით, რომლებიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის განვითარების საფუძველს, ჩნდება ისეთი გარიგებები, რომლებიც დაიდო ერთ-ერთი მხარის იძულებითა თუ მოტყუებით. ამასთან, მხარე არ დადებდა ხელშეკრულებას საქმის ნამდვილი გარემოებები რომ სცოდნოდა ან მეორე მხარეს მის მიმართ იძულება არ განეხორციელებინა. იცოდეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოტყუებით და იძულებით დადებული ხელშეკრულებები განეკუთვნება საცილო გარიგებათა კატეგორიას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მისი ნამდვილობა დამოკიდებული მხარის მიერ შეცილების განხორციელებაზე. თუ მოტყუებული ან იძულებული მხარე განაცხადებს პრეტენზიას და მოითხოვს ასეთი გარიგების გაუქმებას, შესაძლებელია დადგეს მისი ბათილობის წინაპირობები. ამასთანავე, შეცილების შესაძლებლობა იზღუდება კონკრეტული ვადით. გახსოვდეთ, რომ თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუებას უთანაბრდება თუ მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამომჟღავნების შემთხვევაშიც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას. მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის, მოტყუების შესახებ. რაც შეეხება იძულებით დადებულ გარიგებებს, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.