„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“8541 2018.06.29
„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის ტერმინი აღკვეთის ღონისძიება, თუმცა საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის მისი მნიშვნელობა, არსი, მიზანი ან გამოყენების საფუძველი.  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, რომ „ინფორმაციის არარსებობის პირობებში ხშირია შემთხვევა, როდესაც აღკვეთის ღონისძიება საზოგადოების მხრიდან სასჯელის იდენტურად აღიქმება, რაც არასწორია“.

 

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება ის?

 

აღკვეთის ღონისძიება არის იძულებითი ღონისძიება, რომელიც გამოიყენება ბრალდებულის მიმართ, იმ მიზნით, რომ მან თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა დანაშაული (ბრალდებული).

 

 აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

 

რა სახის აღკვეთის ღონისძიებები არსებობს?

 

საქართველოს კანონმდებლობა იცნობს აღკვეთის ღონისძიების შემდეგ სახეებს: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა. სასამართლო პრაქტიკაში აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მეტად გავრცელებულ სახეებს გირაო და პატიმრობა წარმოადგენს.

სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. ამასთანავე, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:

 

   ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

    ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;

 

გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

 

გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. პროკურორი სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროს მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები. თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

აღკვეთის ღონისძიების ისეთი სახე როგორიცაა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით.

პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.

ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან/და გაუქმება შესაძლებელია ბრალდების ან დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.