რა ინფორმაციას ინახავს ჩვენს შესახებ „კრედიტინფო“?4741 2018.06.22
 რა ინფორმაციას ინახავს ჩვენს შესახებ „კრედიტინფო“?

 რა ინფორმაციას ინახავს ჩვენს შესახებ „კრედიტინფო“?- ეს არის კითხვა, რომელიც მოაქალაქეებს მუდმივად აინტერესებთ. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტების თქმით, მოქალაქეებს ხშირად აქვთ კითხვა, თუ საიდან აქვთ ბანკებს, მიკროსაფინანსოებსა და სხვა ფინანსურ ინსიტუტებს ინფორმაცია მათი საკრედიტო ისტორიის შესახებ;  აინტერესებთ ასევე, რას ნიშნავს ე.წ. შავი სია და როგორ  უნდა შეცვალოთ ნეგატიური სტატუსი, რომლის გამოც ხშირად საბანკო სერვისებით, მით უფრო სესხის აღებუთ ვეღარ სარგებლობენ;

 ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს – რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით (საქონლის საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც კონსიგნატი საქონელს გადასცემს კონსიგნატორს, რათა მან თავისი საწყობიდან მოახდინოს რეალიზაცია) მიწოდებასთან, მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში მოღვაწე კომპანია „კრედიტინფოსაქართველო

 კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო პროდუქტები მომართულია გადახდების ვადაგადაცილების რისკის გამოაშკარავებასა და დეფოლტის (კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოთხოვნის არშესრულება) ალბათობის დადგენაზე. მათი მთავარი საქმიანობაა საკრედიტო ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, დამუშავება და მართვა, რაც თქვენი საკრედიტო პორტფელის ხარისხის გარანტიაა. კრედიტინფოს პროდუქტები გამოიყენება საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ინტერნეტ-ლენდერების, ასევე სალიზინგო, სატელეკომუნიკაციო და სხვა კომპანიების მიერ.

კრედიტ-ინფო საქართველოს  მონაცემთა ბაზაში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაფარეთ ესა თუ ის ვალდებულება, ხომ არ გადააცილეთ გადახდის გრაფიკს, ან პირიქით - წინსმწრებით დაფარეთ და ა.შ

დღესდღეობით ყველასთვის ცნობილია, რომ კრედიტინფოს ბაზა ანიჭებს პირებს გარკვეულ სტატუსებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი გადამხდელები არიან.

არსებობს ორი სახის კატეგორიის ისტორიები - პოზიტიური და ნეგატიური. ბუნებრივია, პოზიტიური გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა ისარგებლა ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით და წარმატებით დაფარა. ხოლო თუ ადამიანი გადახდებს აგვიანებდა, ან ახლაც მიმდინარე დავალინება ერიცხება რომელსაც არ იხდის, ავტომატურად ხვდება ნეგატიურ ბაზაში.

თუმცა საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ფიზიკური პირი ვალდებულებას გაისტუმრებს; ხშირად ჩნდება კითხვა, როგორ უნდა ამოვიდნენ ადამიანები უარყოფითი ბაზიდან და როგორ ისარგებლონ მომავალში დაუბრკოლებლად   საბანკო პროდუქტით.

 

როგორ შეიძლება საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის, პოზიტიურით ჩანაცვლება?

 

 მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა თუ როგორ შეიძლება წაიშალოს მათი მონაცემები ე.წ „შავი სიიდან“, რომელიც არასწორი ტერმინია და იგულისხმება ნეგატიური ჩანაწერი.

 

ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში კრედიტის შესახებ ინფორმაცია იშლება. რაც  შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.

 

ნეგატიურად ითვლება სესხი, თუ მასზე დაფიქსირებულია 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება ფიზიკური პირის შემთხვევაში, და 60 დღეზე მეტი იურიდიული პირის შემთხვევაში. რაც შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ, ჩანაწერი ისტორიაში მის დასრულებამდე რჩება.

 კრედიტინფოს ინფორმაიით „თუ კლიენტს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომლის გადახდა დააგვიანა 30 დღეზე მეტით, მაშინ მას ენიჭება ნეგატიური სტატუსი „არის ნეგატიური“ და სანამ პირი არ გადაიხდის ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მანამდე ექნება აღნიშნული სტატუსი. თუ პირმა გადაიხადა ვადაგადაცილებული დავალიანება, გადახდისთანავე „არის ნეგატიური“ სტატუსის შეცვლა ხდება ახალი „იყო ნეგატიური“ სტატუსით, რომელიც მიუთითებს, რომ კლიენტს ამჟამად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება არ აქვს, თუმცა წარსულში ის ნეგატიური სტატუსის მატარებელი იყო. სტატუსი „იყო ნეგატიური“ მუდმივად რჩება სესხზე, სანამ აღნიშნული სესხი ჩვენს ბაზაში იარსებებს. სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, „იყო ნეგატიური“ სტატუსის მატარებელი სესხი ფიზიკურად იშლება მათი ბაზიდან“.

შესაბამისად, პირებს ვისაც სურთ, რომ გადაამოწმონ მათი ამჟამინდელი სტატუსი კრედიტინფოს ბაზაში, ამისთვის უნდა მიმართონ კრედიტ ინფოს განცხადებით ან ფიზიკურად მივიდნენ ოფისში, სადაც მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას მათი საკრედიტო სტატუსის შესახებ. ამასთან, კრედიტინფოს ინტერნეტ გვერდზე უკვე შესაძლებელია აღნიშნული ინფრომაციის  ელექტრონულად  მოძიება.