უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტი8261 2018.06.15
უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტი

უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ბრალდებულის ინტერესების დაცვას ემსახურება. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია არამარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით.

 

უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ  პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთანავე, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (პროკურორს). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაკავშირებულია პირის უფლებათან მისი საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის თაობაზე.

 

უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა გასათვალისწინებელია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. მოცემული პრინციპი სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელ ორგანოებს  ისეთი განცხადებებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას აკისრებს, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.

 

სამწუხაროდ, თანამედროვეობაში საკმაოდ ხშირია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რაც დაუსაბუთებლად ხელყოფს ბრალდებულის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, მათ შორის, მასობრივი მედიის საშუალებების მიერ. საკმარისია პირის დაკავება ან დაპატიმრება და ის მაშინვე ცხადდება ,,დამნაშავედ“, ხოლო წინასწარი გამოძიების მონაცემები მიჩნეულია, როგორც საბოლოო. უდანაშაულობის პრეზუმფციის მდგომარეობს იმაში, რომ როგორი აშკარაც არ უნდა იყოს პირის მონაწილეობა დანშაულის ჩადენაში, ეს არ არის საკმარისი საფუძველი მისი დამნაშავე გამოცხადებისათვის, ვინაიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის როლი დანაშაულის ჩადენაში და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტია ეფუძნება აგრეთვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების მიზანი ჯერ კიდევ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშია გამოხატული.

 

აღსანიშნავია, რომ  მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ (in dubio pro reo). In dubio pro reo-ს პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში. აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს  ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჩენოდა.