„პროდუქტის უვნებლობისა და ნდობის სტანდარტის კუთხით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა“1800 2018.03.17
„პროდუქტის უვნებლობისა და ნდობის სტანდარტის კუთხით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა“

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისში მდებარე რამდენიმე კვების ობიექტში დარღვევა აღმოაჩინა. 19 რესტორანსა და კაფე-ბარში ჩატარებული შემოწმებიდან 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია).
 

 სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში.  

 

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „კაფე კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ობიექტებში – „კახელები“; „თაშრე“; „რესტორანი თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტები „ფაიტონი“ და „ლაკადა“ ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს.

„მწვადიაური“ მიკვლევადობის დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდა; 100 ლარით – „ტეხასი“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო და 500 ლარით – „ბაბილო“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არ ქონის გამო.

  

როგორ რეგულირდება სურსათის უვნებლობის საკითხები საქართველოში ?

საქართველოში სურსათის/ცხოველის საკვების/ უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის უვნებლობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები განსაზღვრულია სურსათის/ცხოველის საკვების/ უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის  დებულებით. აღნიშნული დებულების თანახმად, სააგენტო ვალდებულია:

  • - წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზეგანახორციელოს სახელმწიფო კონტროლი.
  • - განახორციელოს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;
  • - უზრუნველყოს მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის განცხადებით, სანქცია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ დარღვევებზე, არაადეკვატურია, რადაგან იგი არ იძლევამსგავსი დარღვევების პრევენციის საშუალებას. „სანქციების კუთხით მოქმედი კანონმდებლობა გადასახედია, რათა სურსათის ეროვნული სააგენტო უფრო ეფექტური და პრევენციული დანიშნულების გახდეს“.

 

„მართალია, სააგენტოს კანონით მინიჭებული აქვს რიგი უფლებამოსილებები,  მაგრამ ჩვენი იურიდიული კომპანიისთვის კონსულტაციისთვის მიმართვების რაოდენობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სურსათის, პროდუქტის უვნებლობის და ნდობის სტანდარტის კუთხით საქართველოს ბაზარზე მეტად მძიმე მდგომარეობაა. მითუმტეს, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტული კვების ობიექტებში შეძენილმა პროდუქტმა მომხმარებლების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ   ქმედითი საპასუხო რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული “- განმარტავს ქეთევან ქავთარაძე.