დავით ასათიანი: ადვოკატის მხრიდან მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელი1470 2018.02.24
დავით ასათიანი: ადვოკატის მხრიდან მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან თემქაზე მოკლული გოგოს პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია.

ასათიანის შეფასებით, აღნიშნული არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები.

„ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.

ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრად დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.

მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები,“- აცხადებს დავით ასათიანი. 

შეგახსენებთ, რომ თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა მოკლული ანა ნაცვლიშვილის შესახებ რამდენიმე დეტალზე ისაუბრა. 
თემქაზე 20 წლის გოგონა 22 თებერვალს გარდაცვლილი ნახეს. მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.