„კანონმდებლობაში ლომბარდის ტიპის  დაწესებულების გახსნისათვის  ნებართვა ან ლიცენზია არ არსებობს“5128 2018.02.18
„კანონმდებლობაში ლომბარდის ტიპის დაწესებულების გახსნისათვის ნებართვა ან ლიცენზია არ არსებობს“

 დღეს საქართველოში არაერთი მოქალაქე გამხდარა  ე.წ.ლომბარდების უკანონო ქმედებების მსხვერპლნი. დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმატიული აქტები, რომლებიც ამ ტიპის  დაწესებულების გახსნისათვის რაიმე სახის ნებართვას ან ლიცენზიას განსაზღვრავს. მეტიც, უშუალოდ მსგავსი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობაზე  ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო არ არსებობს.

  
 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანის თქმით, „მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ რიგი რისკები და იცოდნენ, რომ ძვირფასი ლითონების ან სხვა ქონების ლომბარდებში ნივთების ყოველგვარი დაზღვევის გარეშე დატოვებამ შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას მათს მფლობელობაში არსებულ ნივთებს“.

 
მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. იგი კრედიტორს (მოგირავნე)უფლებას სძენს, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. 

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირავნობა შესაძლოა, არსებობდეს ორი სახის:

 

ა) მფლობელობითი და ბ) რეგისტრირებული გირავნობა.

 

გირავნობა უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დღესდღეობით, გირავნობა  ყველაზე ხშირად გამოიყენება ე.წ ლომბარდებში. ამ უკანასკნელში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს მოვალის უფლებას კრედიტორის მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, დღესდღეობით არცერთ ლომბარდის ტიპის დაწესებულება არ თანხმდება მოვალეს მსგავს პირობაზე, ამდენად ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ  არ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

 

„სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ ყოვლისა დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა,“-განმარტავს ანა გორდეზიანი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მოქმედი ნორმატიული აქტები არ განსაზღვრავს ლომბარდის ტიპის  დაწესებულების გახსნისათვის რაიმე სახის ნებართვას ან ლიცენზიას; ამდენად,  უშუალოდ მსგავსი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობაზე  ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო არ არსებობს.

 

მითითებული სიტუაცია, ბუნებრივია, გარკვეულ საფრთხეებს უქმნის მოქალაქეებს, რომლებიც ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ტოვებენ ძვირფას ლითონებს ლომბარდის მფლობელობაში და ხშირად ხდებიან მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული უკანონო მოქმედებების მსხვერპლნი.