„ახალშობილის განზრახ მკვლელობა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“3685 2018.02.16
„ახალშობილის განზრახ მკვლელობა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“

„დედამ ახალშობილი შვილი მოკლა“ - ამ შინაარსის სათაურებს საინფორმაციო საშუალებებში ხშირად ვხვდებით და ზოგადად,  ახალშობილი ბავშვების მკვლელობის საკითხი საქართველოში ყოველთვის  აქტუალური იყო.  გვახსოვს შემთხვევები, როდესაც „სულ რამდენიმე საათის დაბადებული ბავშვი დედამ გაგუდა“, „საკანალიზაციო მილში ჩააგდო“ ან სიცოცლხისთვის საშიშ ადგილას  დატოვა. მაგალითად ზამთარში, ნაგავსაყრელზე ან სულაც სანაგვე ურნაში, რაც რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა ახალშობილის მკვლელობას.
 

 როგორ აიხსნება დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა ან რით შეიძლება იყოს გამოწვეული აღნიშნული დანაშაული? კითხვაზე სამართლებრივ ჭრილში საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე გიპასუხებთ.

 

 სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ახალშობილის განზრახ მკვლელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად. აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსით ხასიათდება იმით, რომ ახალშობილის მკვლელობა ხდება უმალვე, მშობიარობის შემდეგ.

 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის მკვლელობა მორალურად გასაკიცხი ქმედებაა საზოგადოებაში, თუმცა ახალშობილის მკვლელობა გაცილებით შემზარავია ადამიანებისთვის, ვინაიდან, ქმედება დაკავშირებულია უმწეო არსების, ახალშობილის მკვლელობასთან, ვისაც არ აქვს თავდაცვის არანაირი საშუალება.

 

 მოცემულ დანაშაულთან მიმართებით, გასათვალისწინებელია, რომ მშობიარეს აქვს მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია მშობიარობის ტკივილითა და სტრესით. სპეციალისტების შეფასებით, მშობიარემ შესაძლოა, ვერ გაუძლოს აღნიშნულ სტრესს, რის გამოც ახალშობილისადმი უჩნდება სიძულვილი, ზიზღი.

 

 დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ შემდეგი: მეუღლესთან და მშობლებთან კონფლიქტის გამო, ორსულობის მერვე თვეს, ქალმა მიიღო მედიკამენტები ჩანასახის მოსპობის მიზნით, ბავშვი ვადაზე ადრე ცოცხალი დაიბადა. ექიმების დასკვნით, მისი სიკვდილი რამდენიმე დღეში გარდაუვალი იყო. დედამ ბავშვი მშობიარობის შემდეგ უმალვე მოკლა. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას, უმალვე, მშობიარობის შემდეგ.

 მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილის მკვლელობა აღმაშფოთებელი ფაქტია, ის ითვლება შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობად, ოღონდ  მხოლოდ დედის მიერ, მშობიარობისას ან უმალვე, მშობიარობის შემდეგ ჩადენილი ეს ქმედება ითვლება ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად და არა სხვა პირის მიერ.

 

 იურიდიული კოპანია „OK&CG“-ს ადვოკატს, ქეთევან ქავთარაძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად დედის მხრიდან აღნიშნული გასაკიცხი ქმედებისა, სახელმწიფომ, საკანონმდებლო ორგანომ და შესაბამისმა ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა იმუშავონ აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტებისათვის. მსგავსი ქმედების ჩადენისას აუცილებელია, დადგინდეს დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იყო თუ არა ან შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო მშობიარე მკვლელობის დროს აფექტში და მხოლოდ აღნიშნულზე გაცემული დადებითი დასკვნა უნდა გახდეს დედის დამნაშავედ მიჩნევის საფუძველი.