„თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს, მეორე მშობელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს“6200 2018.01.29
„თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს, მეორე მშობელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს“

 ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს)

განვიხილოთ არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის გადახდის საკითხი:

 

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

 როგორც წესი, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლების ურთიერთშეთანხმებით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ (ძირითადად ეს მშობელთა განქორწინების შემდეგ ხდება)  ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

ალიმენტს სასამართლო აწესებს იმ პირის სასარგებლოდ, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს, ვინაიდან ეს თანხა ბავშვის სარჩენად არის გათვალისწინებული. მშობელი, რომელიც აყენებს საალიმენტო მოთხოვნას, გამოდის ბავშვის სახელით, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი. საალიმენტო ვალდებულება ეფუძნება კანონს, ამიტომ ის არ შეიძლება იქცეს მშობელთა შორის შეთანხმების საგნად და, თუ ასეთი შეთანხმება მაინც დაიდო, ის ნებისმიერ დროს შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება.  

 

 ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.

 

ალიმენტის ოდენობას ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით განსაზღვრავს სასამართლო. სასამართლოს უფლება აქვს გაანთავისუფლოს ალიმენტის გადახდისგან ვალდებული პირი, თუ მოისპობა ის პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო ალიმენტის დანიშვნას.

 

თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს, მეორე მშობელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ალიმენტის გადახდა.