ე.წ. ატსტუპნიკის უფლებები ქართულ კანონმდებლობაში8949 2018.01.09
ე.წ. ატსტუპნიკის უფლებები ქართულ კანონმდებლობაში
  • ვინ არის ე.წ. ატსტუპნიკი?

როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის პერიოდში არ არსებობდა ტერმინი „კერძო საკუთრება“, რამაც მოგვიანებით,  მესაკუთრესა და ე.წ. ატსტუპნიკს (მოსარგებლეს) შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილი ურთიერთობების კანონით დარეგულირების აუცილებლობა წარმოშვა.

 „ატსტუპნიკის’’, იგივე „მოსარგებლის’’ განმარტებას იძლევა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართევლოს კანონი, რომლის თანახმადაც - „მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’.

 ამიტომ, თუ თქვენ შეიძინეთ უძრავი ქონება და მესაკუთრესთან წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება სათანადო ფორმით არ გაგიფორმებიათ, უნდა იცოდეთ, რა უფლებებით სარგებლობს ე.წ. ატსტუპნიკი.

 

  • რა არის სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება?

წერილობითი ხელშეკრულება - ე.წ. შინაურული ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას, რაც არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

  • რომელი კანონი იცავს თქვენს უფლებებს?

ე.წ. ატსტუპნიკების უფლებები და აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’, რომელიც სახეცვლილი სახით 2016 წლის 24 ივნისიდან ამოქმედდა. კანონის ახალი ვერსია ძირითადად მორგებულია ატსტუპნიკების უფლებების დაცვაზე.

  •  რისი უფლება აქვს ე.წ. ატსტუპნიკს?

თუ თქვენ

  • მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული გაქვთ წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობთ საცხოვრებელ სადგომს. უფლებამოსილი ხართ, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოთ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით.
  • არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობთ საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული გაქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილი ხართ, მოითხოვოთ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით.
  • საცხოვრებელ სადგომს 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობთ და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით,  მიღებული გაქვთ მფლობელობის უფლება; მესაკუთრე უფლებამოსილია, მოგთხოვოთ მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით.

 

  • რა ვქნათ, როდესაც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის მოძიება ვერ ხერხდება?

თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია, ან ვერ ხერხდება მესაკუთრის ან მისი მემკვიდრის მოძიება, თქვენ, როგორც მოსარგებლეს (ე.წ. ატსტუპნიკს) უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.