რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?   3079 2017.11.28
რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?
ტერმინი „ლიზინგი“, ინგლისურად „Lease“ქირის საფასურით ქონების აღებას/გაცემას ნიშნავს და იგი მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება და მისით სარგებლობის უფლება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს აქვთ. ლიზინგი იძლევა აქტივით სარგებლობის უფლებას, წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხის სანაცვლოდ, გამოსყიდვის ან მისგარეშე. უფრო მარტივად კი,ლიზინგი განვადების მსგავსი სერვისია, რომელიც კომპანიებისა და სხვადასხვა ფირმის მიერ ძირითადად, საწარმოო დანადგარების შესაძენად გამოიყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ლიზინგის ხელშეკრულებით, ორგანიზაცია (ლიზინგის გამცემი) ვალდებულია, მოქალაქეს (ლიზინგის მიმღები) დათქმული ვადით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე; მოქალაქე კი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით: მოქალაქე იკავებს ორგანიზაციის ადგილს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობებიც მასზე გადადის. ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას, ორგანიზაციას უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი. ლიზინგის ხელშეკრულებით, არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულებების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას. იმისათვის, რომ ლიზინგის ქონება მიღებულად ჩაითვალოს, იგი უნდა შეესაბამებოდეს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რაც თავად მოქალაქემ უნდა დაადასტუროს. ქონების მიღებას თან ახლავს რისკები, რაც მიმღებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: იმ შემთხვევაში, თუ ქონების მიღების შემდეგ მოქალაქე აღმოაჩენს, რომ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, იგი უფლებამოსილია, მიმწოდებლისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ან შესაძლოა, მოქალაქეს ქონება არ მიეწოდა, ან მიეწოდა ვადაგადაცილებით, ან ის არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, რა დროსაც, მას უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება ან მოითხოვოს მიღებული ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხებაგირავნობას, ეს არის მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რითაც მოგირავნე (კრედიტორი) იძენს უფლებას, მოახდინოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია ან მხარეთა შეთანხმებით (მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში) ნივთი მიიღოს საკუთრებაში. გირავნობა არსებობს ორი სახით: მფლობელობითი და რეგისტრირებული და იგი მხარეებს (მოგირავნესა და დამგირავებელს) სხვადასხვა უფლება-ვალდებულებას სძენს. - რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს და მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს მოგირავნეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება ეკისრებათ. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში: ა) თუ ვალდებულებას არღვევს დამგირავებელი, მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისთვის გადაცემა; ბ) თუ ვალდებულებას არღვევს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისთვის გადაცემა. მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შემთხვევაში. თუმცა, თუკი დამგირავებელი ამ შეთანხმებას დაარღვევს, მოგირავნეს უფლება აქვს, თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება მოითხოვოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოგირავნეს დაგირავებული ნივთის საკუთრებაში მიღების ან მისი რეალიზაციის უფლება აქვს. თუმცა, დაგირავებული ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა მხოლოდ რეგისტირებული გირავნობის შემთხვევაში ხდება და ეს ხელშეკრულებაშიც უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება გირავნობის საგნის რეალიზაციას, თუ მოგირავნე აპირებს გირავნობის საგნის რეალიზაციას, ამის შესახებ მან ორი კვირით ადრე, წერილობით უნდა აცნობოს დამგირავებელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის საფრთხე ან თუ გირავნობის საგანი მალფუჭებადია- ასეთ დროს მოგირავნეს შეუძლია, დამგირავებლის გაფრთხილების გარეშე მოახდინოს საგნის რეალიზაცია.