გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?2830 2017.11.22
გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?
საქართველოს კანონმდებლობა უძრავი ქონების მესაკუთრეს აძლევს შესაძლებლობას თავისი შეხედულებისამებრ ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის უძრავ ქონებას. ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და ზიანს აყენებს მას. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეულწილად ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესს და ადგენს მის მიერ აუცილებელი გზის მოთხოვნის შესაძლებლობას. თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. თვითნებური მოქმედება წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი არსებობა/არარსებობა. იცოდეთ, რომ თუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უარს აცხადებს, ითმინოს თქვენ მიერ აუცილებელი გზით სარგებლობა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ აუცილებელი გზის დადგენა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ გაქვთ აუცილებელი კავშირი სხვადასხვა ობიექტებთან განმცხადებელს/მოსარჩელეს ეკისრება.